English / ქართული /








Journal number 1 ∘ Revaz Gvelesiani
Existing Contradictions Among the Basic Social Values and Problems for Their Solution

Social justice has a defi ned content, expresses the ideal and indicates the lack of modern public order. It is clear that when it comes to freedom and justice as the basic values of social jusƟ ce criteria for use, the law is not a sufficient tool to resolve the confl ict arisen between them. Western welfare state aims at reaching a compromise between freedom and fairness, but on the one hand, the democratic methods of the creation of political will do not allow for solid assumption about such compromise. On the contrary, the use of the privileges as an instrument, socially based in political competition, threatens material as well as formal law. On the other hand, it should be examined whether it is possible to change the institutional condiƟ ons in which the creation process of political will takes place and allows for a long-term compromise. The confl icts existing between economic freedom and social justice as well as ongoing conflicts in our everyday life are a great menace to economic security. Limited confl icts are characterized by less confrontation and their solution is easier than extremely tense conflicts. Sometimes conflicts depersonalization will suffice to reduce their severity and to no longer pose a threat to safety. In economic sphere such depersonalization is carried out through social techniques or competition. The relation between progress and freedom of action is shown by the fact that the laws of nature can not be violated, which are the objective borders for some event or other. But their scientific discovery expands opportunities for human’s free action existing before, and the origins of the existing conflicts between progress and social justice can be the wrong understanding of competition. In terms of social justice, some income-related positions based on the scientifi c progress require corrections. But on the other hand, such corrections would attenuate or cancel any incentive for innovation. Such “socialization” of the results of scientific progress ignores the fact that their achievement process is motivated and strengthened by competition. Democracy, as a method for solving conflicts between freedom, justice and security, is very important. It allows for regulation of confl icts between interests not using violence, but on the basis of decisions made by the majority. But it does not always meet the needs of all participants. Democratic decision as a tool for peaceful resolution of conflicts can only be totally unnecessary, when in reality the society which is loaded by confl icts and willing to solve them is subsƟ tuted in people’s utopian perceptions by the model of free and calm society.

Keywords: Social Inequality; Social Values; Economic Freedom; Social Justice; Social Security; Economic Progress; Interest Groups; Conflicts of Interest.

JEL Codes: A13, A14, A19

ძირითად საზოგადოებრივ ფასეულობათა შორის არსებული წინააღმდეგობები და მათი დაძლევის პრობლემა

თანამედროვე ეპოქაში სოციალური სამართლიანობის თვალსაზრისით არსებობს დისკრიმინაციის შემთხვევები. ამასთან, აუცილებელია იმის დადგენა - მათ თვითრეგულირებადი ბაზარი წარმოშობს, თუ ისინი სახელმწიფოს ინტერვენციის წარსულში არსებული იმ პრაქტიკის შედეგია, რომელსაც სულაც არ ჰქონდა მიზნად დასახული სოციალური სამართლიანობა.

სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის დამოკიდებულება იცვლება, როცა სახელმწიფო აფართოებს თავისი მოქმედების სფეროს და უფლებრივი გათანასწორების საფუძველზე შესაძლებლობებისა და შედეგების გამოთანაბრების მიზანს ისახავს. მოქმედების სფეროს ასეთ გაფართოებამდე სახელმწიფო არსებითად იძულების იარაღი იყო, რომელიც თვითჩამოყალიბებული საზოგადოების მიმართ გარანტის ფუნქციას ასრულებდა. ეს ვითარება არ გამორიცხავს იმას, რომ იგი საზოგადოების წევრებს მინიმალურად სოციალურადაც იცავდა. თანაბარი პირობების შექმნა, სოციალური სახელმწიფოებრიობის პრინციპი და ის მექანიზმია, რითაც სახელმწიფო ბაზარზე ორიენტირებულ ეკონომიკურ წესრიგს აკონტროლებს.

 საკვანძო სიტყვები : საზოგადოებრივი უთანასწორობა; საზოგადოებრივი ფასეულობები; ეკონომიკური თავისუფლება; სოციალური სამართლიანობა; სოციალური უსაფრთხოება; ეკონომიკური პროგრესი; ინტერესთა ჯგუფები; ინტერესთა კონფლიქტები.

 სოციალურ სამართლიანობას განსაზღვრული შინაარსი გააჩნია, იდეალს გამოხატავს და თანამედროვე საზოგადოებრივი წესრიგის ნაკლზე მიუთითებს, გადაუდებელ გამოსწორებას რომ საჭიროებს [1, გვ. 217]. აქედან გამომდინარე, სასურველია იმ ჯგუფური პრივილეგიების ძიება სახელმწიფოს მხრიდან კონკურენციის შეზღუდვებს რომ ემყარება. სწორედ ამის გამოა, რომ ასეთმა მოთხოვნამ მყარად დაიმკვიდრა ადგილი ინტერესთა ჯგუფების ფუნქციონირებაში.

სოციალური სახელმწიფოებრიობის პრინციპიდან გამომდინარე სოციალურ სახელმწიფოდ ისეთი ითვლება, რომელიც „თავის თავზე იღებს სოციალუ-რი მოქმედების ვალდებულებას“ [2, გვ.510]. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო მონაწილეობს საზოგადოების ფორმირებაში, რითაც რამდენადმე სუსტდება საბაზრო-ეკონომიკური წესრიგი და მასთან დაკავშირებული კერძოსამართლებრივი წესების ფუნქციონირებისუნარიანობა. თავდაცვისა და ერთმანეთზე ზრუნვის ინტერესებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი ჯგუფების სასარგებლოდ ხდება ფორმალური სამართლის მატერიალიზება, იგი მოქმედების უფლების საფუძველზე „სოციალურად“ იზღუდება (რეგულირება) და ზოგადად ცვლილებები შედის ხელშეკრულების თავისუფლებაში (საიჯარო, შრომის და რეწვის უფლება). მეორე მხრივ, სახელმწიფო აკმაყოფილებს ( სოციალური სამართლის საფუძველზე) საჯარო სამართლის მიერ ხელსაყრელ პირობებში ჩაყენებული ჯგუფების პრეტენზიებს სახელმწიფო მომსახურების თაობაზე და მის ხარჯებს სხვა წყაროებიდან - მაგ., გადასახადებიდან ფარავს, თუ ადგილი აქვს დისკრიმინაციას.

სოციალურ სახელმწიფოში წესრიგთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება შემდეგი სახით შევაჯამოთ: ან საბაზრო-ეკონომიკური წესრიგი და მისთვის დამახასიათებელი კერძო ავტონომია იარსებებს დიდხანს, ანდა შესაძლოა სოციალური სახელმწიფოში აღმოჩნდეს ისეთი წესრიგი, რომელიც უნებლიედ, მაგრამ სისტემურად უწყობს ხელს „დაკაბალებისაკენ სვლას“ [3].

აშკარაა, რომ როცა საქმე ეხება თავისუფლებისა და სამართლიანობის, როგორც საზოგადოების ძირითადი ღირებულებების, სოციალური სამართლიანობის კრიტერიუმად გამოყენებას, კანონი არ არის საკმარისი ინსტრუმენტი მათ შორის წარმოშობილი კონფლიქტის მოსაგვარებლად. ხშირად ცდილობენ ამ კონფლიქტის მნიშვნელობა იმით დააკნინონ, რომ პროცედურულ თუ ფორმალურ სამართლიანობასა და მის საფუძველზე უზრუნველყოფილ მოქმედების თავისუფლებას შორის განსხვავება, თითქოსდა, ქრებოდეს თავისუფლების მატერიალური შეფასების შესაძლებლობებში. აქედან გამომდინარე, ფორმალური სამართლიანობა (და თავისუფლება) იურიდიული, ანდა ფორმალური თვალსაზრისით შეიძლება უფრო მიმზიდველად გამოიყურებოდეს, ვიდრე რეალური მოვლენები და სოციალური სამართლიანობა. ასეთი არგუმენტაცია მეთოდური თვალსაზრისით ერთობ საეჭვო შედარებას ემყარება: ერთ მხარეზეა უფლებრივი გათანასწორება, მეორეზე კი - მის მიერ ნებადართული შესაძლო შედეგები, ანუ სოციალურ-ეკონომიკურ პოზიციებს შორის არსებული განსხვავებები. ვარაუდობენ, რომ ეს უკანასკნელი სხვა არაფერია, თუ არა უფლებრივი გათანასწორების სრული ან ნაწილობრივი შედეგი. მაგრამ, სოციალური სამართლიანობის კრიტერიუმად გამოყენებისას სუბიექტმა ერთი პროცედურული შედეგიც უნდა გაითვალსწინოს. ეს უკანასკნელი არ გულისხმობს ფორმალური თავისუფლების შეზღუდვას უფლებრივი უთანასწორობისა თუ დისკრიმინაციის გზით, არამედ საქმე ეხება მატერიალური თავისუფლების სახელმწიფოებრივად შეზღუდვას – გეგმაზომიერი რედისტრიბუციის საფუძველზე რომ ხორციელდება.

ცენტრალიზებულად მართვადი ეკონომიკის თეორიისა და პრაქტიკის თანახმად წარმოების საზოგადოებრივი ორგანიზაციის როლი უფრო იკვეთება თავისუფლების ასპექტით. მაგრამ საქმე ის არის, რომ ისედაც მწირი ეკონომიკური თავისუფლება წინააღმდეგობაში მოდის არამარტო წარმოების საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან, არამედ დაგეგმილ მოთხოვნასთან, ასევე დაგეგმილ მიწოდებასთანაც. სახელმწიფო ძალაუფლების სახით კონცენტრირებული ძალადობა არსობრივ საფრთხეს უქმნის თავისუფლებას. ა. ჰამილტონმა ყოველივე ეს მოკლედ ასე გამოხატა: „ვის ხელშიც არის ცხოვრებისათვის აუცილებელი საშუალებები, ადამიანის ნებაზეც იგი ბატონობს“ [4, გვ.472]. ყოველ შემთხვევაში, საეჭვოა, რომ სახელმწიფო, რომელიც ყველაფერს ფლობს - სოციალურ სამართლიანობას ესწრაფვოდეს, მით უმეტეს, როცა თვითონ მიზანი, მისი შინაარსის გაურკვევლობიდან გამომდინარე, თვითნებური ინტერპრეტაციების უსასრულო მრავალფეროვნებას უშვებს.

მეორე უკიდურესი ლიბერალური თვალსაზრისის [5, თავი 9] მიხედვით, ეკონომიკური უთანასწორობა მხოლოდ და მხოლოდ იღბალისა და ხვედრის საქმეა. ამგვარი მატერიალური შედეგები მოსალოდნელი იყო იმ საზოგადოების პირობებში - კერძო სამართლისა და სახელმწიფო რეგულირებისგან თავისუფალი პრინციპებით რომ იმართება. ეკონომიკური მოვლენების ურთიერთქმედება, რაც სამართლებრივი სახელმწიფოსა და საბაზრო კოორდინაციის პრინციპს ემყარება, წარმოგვიდგება, როგორც თავისუფალი თამაში. ასე რომ, შეუძლებელია რომელიმე შედეგი ან სამართლიანად ან უსამართლოდ ჩაითვალოს. ასე შეიძლება მხლოდ მოთამაშეთა მოქმედებები შეფასდეს. კანონის ამოცანა სამართლიანი მოქმედების უზრუნველყოფა იქნებოდა, მაგრამ მაშინ შედეგები კანონიერი აღმოჩნდებოდა და არა - სამართლიანი. მათი ლეგიტიმურობის საფუძველი კი ფორმალური სამართლიანობაა, რომელსაც თამაშის წესებისა და მათი უზრუნველყოფის ამოცანა დაეკისრებოდა. საგანგებო სიტუაციებში შეიძლება შექმნილიყო არასაბაზრო დაცვის მექანიზმი მინიმალური შემოსავლით უზრუნველყოფის სახით. ასეთი რამ განიხილება, როგორც საერთო ინტერესი ან როგორც მორალური ვალი [5, გვ.87].

დასავლური კეთილდღეობის სახელმწიფო მიზნად ისახავს თავისუფლებასა და სამართლიანობას შორის კომპრომისს, მაგრამ ერთი მხრივ, პოლიტიკური ნების ქმნადობის დემოკრატიული მეთოდები არ იძლევია ამგვარი კომპრომისის შესახებ მყა რი ვარაუდის შე საძლებლობას. პირიქით, პო ლიტიკურ კონკურენციაში სოციალურად დაფუძნებული პრივილეგიების ინსტრუმენტად გამოყენება საფრთხეს უქმნის, როგორც მატერიალურ, ასევე ფორმალურ სამართალს.

ამავე დროს ის, რომ ფორმალური სამართლის პირობები თავისუფალი საბაზრო წესრიგის ფუნქციონირებაზეა დამოკიდებული, პირველის ცვლილებას იწვევს, რაც საბოოლო ანგარიშით, ყველასთვის საზიანოა; საქმე ის არის, რომ ასეთი ცვლილება ხორციელდება ალოკაციის პროცედურების შესუსტების ხარჯზე, რაც კერძო ავტონომიის გამოფიტვის შედეგია. სწორედ ამ ვითარებას ეხება მარკურ ოლსონის ჰიპოთეზა „ინსტიტუციური სკლეროზის” [6, გვ.103] შე სახებ, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა იმ პრობლემური სიტუაციის გამოხატულება, რომელიც პლურალისტურ დემოკრატიაში პოლიტიკური პროცესის ასპექტით არსებობს. როგორც ჩანს, ეკონომიკურ თავისუფლებასა და სოციალურ სამართლიანობას შორის კომპრომისი მყიფეა. ამასთან, გამორიცხული არ არის, რომ საქმე დილემასთან გვქონდეს.

მეორე მხრივ, უნდა შემოწმდეს შეიძლება თუ არა ისე შეიცვალოს ინსტიტუციური პირობები, რომელშიც პოლიტიკური ნების ქმნადობის პროცესი მიმ-დინარეობს, რომ შესაძლებელი გახდეს გრძელვადიანი კომპრომისი. ამგვარი შემოწმების საგანი კი სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური სისტემა. მთავარი ვარაუდი ის იქნებოდა, რომ შეუზღუდავი დემოკრატიის პირობებში შეუძლებელია თავისუფლების დამაკმაყოფილებლად უზრუნველყოფა [7, გვ.128]. სოციალური სამართლებრივი სახელმწიფოს რეალიზაციის პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ეს ვარაუდი თავისუფლებასა და სოციალურ სამართლიანობას შორის კომპრომისზეც ვრცელდება. თუ მხოლოდ იმის იმედად არ ვიქნებით, რომ თავისუფლების ,,განდევნა” მძლავრ პოლიტიკურ პროტესტს გამოიწვევს, მაშინ სასურველი იქნებოდა ისიც შეგვემოწმებინა, შესაძლებელია თუ არა კომპრომისის მიღწევა ინსტიტუციონალური რეფორმების გზით.

ეკონომიკურ უსაფრთხოებას ყველაზე დიდ საშიშროებას უქმნის როგორც ეკონომიკურ თავისუფლებასა და სოციალურ სამართლიანობას შორის არსებული, ასევე ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მიმდინარე კონფლიქტები. ამგვარ კონფლიქტთა მიზეზი ისაა, რომ:

  • საზოგადოებრივი ურთიერთდამოკიდებულების პირობებში თვითრე-ალიზება, როგორც წესი, ზღუდავს სხვის თავისუფლებას;
  • ინდივიდების შეფასებები, როგორც მოვლენათა შინაარსის, ასევე მათი იერარქიის მიხედვით, არღვევს ცალკეულ ნორმას;
  • ისტორიული განვითარების პროცესში შეფასებები დამოუკიდებელ მიზნებად გვევლინება და მოქმედების სტიმულს იძლევა, რაც ყოველთვის შეიცავს კონფლიქტის შესაძლებლობას [8, გვ.256].

 ძირითად საზოგადოებრივ ფასეულობებს შორის კომპრომისის მიღწევა – საზოგადოებრივი უთანასწორობის დაძლევის მთავარი მიმართულება

ზემოთ ჩამოთვლილი შეზღუდული კონფლიქტები ნაკლები დაპირისპირებით ხასიათდება და მათი მოგვარება უფრო ადვილია, ვიდრე უკიდურესად დაძაბული კონფლიქტებისა. კონფლიქტის მოგვარების მეთოდებია მოლაპარაკებები მხოლოდ კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის და ამ პროცესში ერთი ან რამდენიმე შუამავლის/მომრიგებლის ჩართვა.

„მესამე“ მხარეს კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისით, ზემოქმედების დიდი შესაძლებლობა უნდა მიეცეს [9, გვ.42]. რასაკვირველია, კონფლიქტის იძულებითი მოგვარების პროცედურა არაკონსტიტუციური ქმედებაა. კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია:

  • მშვიდობიანი დარწმუნება, რაც გულისხმობს ინტერესთა კოლიზიაში ერთი ან მეორე პოზიციისათვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას;
  • კომპრომისი იმ შემთხვევაში, როცა ურთიერთდაპირისპირებული მიზნები ადვილად მისაღწევ და ძნელად მისაღწევ მიზნებად იყოფა;
  • კომპენსაციები იმ შემთხვევაში თუ საქმე გვაქვს განუყოფელ მიზნებთან, რასაც შედეგად მოჰყვება განსხვავებული მიზნების სწრაფი ანდა თანდათანობითი განხორციელება [10, გვ.32] .

ზოგჯერ საკმარისია კონფლიქტის დეპერსონალიზება, რომ მან სიმწვავე დაკარგოს და უსაფთხოებას საშიშროება აღარ შეუქმნას. ეკონომიკურ სფეროში ასეთი დეპერსონალიზება ხორციელდება სოციალური ტექნიკის, ანდა კონკურენციის მეშვეობით. ამით ვლინდება მისი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფუნქცია. მართალია, იგი ძალაუფლების კონტროლის მექანიზმია, მაგრამ როგორც კი ის ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მექანიზმად იქცევა, საფრთხეს უქმნის სხვის თავისუფლებას. ამასთან, კონკურენცია შედეგების კონტროლის პროცესსაც წარმოადგენს, რადგან როცა ვინმეს ძალისხმე ვა სათანადოდ არ ფასდება ან ნეგატიურად ფასდება და მცირდება მისი მატერიალური შესაძლებლობები, ამაში დამნაშავეა არა კონკურენტი, არამედ „ბაზრის დიქტატი.” რასაკვირველია, კონფლიქტების დე პერსონალიზება იმ შემთხვევაში ფუნქციონირებს, თუ კონკურენცია, როგორც წესრიგის პრინციპი, მისი შედეგებით საზოგადოდ მისაღებია ცალკეული ინდივიდისათვის და როგორც კონკურენტები (კარტელისაკენ სწრაფვა) და ასევე სახელმწიფო (მოქმედების შეზღუდვა) ცდილობენ გამოკვეთონ თავიანთი საზოგადოებრივი ფუნქციები [8, გვ.257].

საბაზრო კოორდინაციას შეუძლია პრობლემები ინდივიდუალურ უსაფრთხოებასაც შეუქმნას. ბაზრის მონაწილეთა ეკონომიკური უსაფრთხოების რისკებს წარმოშობს არამყარი განვითარება ცალკეულ ბაზრებზე, როგორც კონიუნქტურისა და ეკონომიკური განვითარების (ზრდა და სტრუქტურული ცვლილება) ფენომენი. ამ შემთხვევაში უსაფრთხოების რისკი ეფუძვნება კონიუნქტურული და სტრუქტურული დასაქმების რისკებს, აგრეთვე, შემოსავლებისა და ქონების რისკებს, რაც იწვევს ფასთა დონის ცვლილება და შემოსავლების მიღების შესაძლებლობათა შემცირება.

არსებობს რისკის კიდევ ერთი კატეგორია, რომელიც დაკავშირებულია შემოსავლების არქონასთან, რისი მიზეზიცაა ავადმყოფობა და სიბერით გამოწვეული შრომისუუნარობა. ამავე კატეგორიაში შედის ის რისკებიც, რომლებიც შემოსავლების განაწილების შესახებ საზოგადოებრივ დაპირისპირებებს, დასაქმებისა და მყიდველობითუნარიანობის დაკარგვის საფრთხეებს უკავშირდება. უსაფრთხოების ასეთი რისკების დასაძლევად, გარდა პირადი ძალისხმევისა, აუცილებელია სპეციფიკური განაწილებით - პოლიტიკური მოქმედებების განხორციელება.

იმ რისკებიდან გამომდინარე, რომლებიც საბაზრო კოორდინაციას ახასიათებს, უსაფრთხოების ცოტად თუ ბევრად მასშტაბური მოთხოვნები ჩნდება. როცა ტოტალურ უსაფ რთხოებას ვესწრაფვით და ვცდილობთ, თავიდან ავიცილოთ ყველა ის რისკი, რომელიც ინდივიდუალურ შემოსავლებსა და მისი მიღების უნარებს უკავშირდება, განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება ამ ვითარებასთან დაკავშირებული, მაგრამ სხვა მიზნებით განპირობებული კონფლიქტები. ტოტალური უსაფრთხოებისათვის საჭიროა მყარი სისტემა, რომელიც თაობათა შორის თანამშრომლობის შედეგად მიიღწევა. არც შუასაუკუნეობრივი ამქრული ეკონომიკა და არც ცენტრალიზებულ - ბიუროკრატიული სოციალიზმის ფორმები არ გამოდგება იმის დასტურად, რომ კონკურენციისაგან თავისუფალი ეკონომიკური სისტემა უპირატესობის მქონეა. თუმცა, როგორც ერთი, ასევე მეორე, როგორც მყარი სისტემები ყველაზე მეტად აკმაყოფილებენ ტოტალური უსაფრთხოების მოთხოვნებს. ამგვარი თვალსაჩინოების გარეშეც ცხადია, რომ უსაფრთხოება სხვა ინდივიდთა მიზნების რეალიზაციის ცოტად თუ ბევრად შეფერხებას გულისხმობს. ტოტალური უსაფრთხოება იმას ნიშნავს, რომ სოციალური სტატუსი ხელშეუხებელია და არც ერთ ინდივიდს არ აქვს უფლება სხვის მდგომარეობას საფრთხე შეუქმნას. დასაქმების ასპექტით ეს გულისხმობს უამრავი სამუშაო ადგილის არსებობას. თითოეულ ინდივიდს აქვს გარანტირებული ადგილი, რომელსაც ვერავინ შეუქმნის საფრთხეს ვერც კონკურენციის და ვერც სამეწარმეო დისპოზიციებიდან გამომდინარე, ამასთან, შეუძლებელია ტოტა-ლური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თავისუფლების ურთიერთშეთავსება [11, გვ.83].

რამდენად შესაძლებელია ეკონომიკურ თავისუფლებას, სოციალურ სამართლიანობასა და ეკონომიკურ უსაფრთხოებას შორის არსებული კონ-ფლიქტების აღმოფხვრა ეკონომიკური პროგრესის მეშვეობით?

პროგრესი ორი თვალსაზრისით არის ყველასათვის მნიშვნელოვანი, იგი წარმოადგენს შემეცნებითი მიღწევებისა და სიახლეების შეფასებას და ამავე დროს გვიჩვენებს დროის მსვლელობაში რამდენად ახლოს ვიმყოფებით წინასწარ დასახულ მიზანთან.

მაინც რა დამოკიდებულება არსებობს პროგრესსა და მოქმედების თავისუფლებას შორის? შეუძლებელია ბუნების კანონების დარღვევა, რომლებიც შესაძლებელი მოვლენის ობიექტურ საზღვრებს წარმოადგენენ. მაგრამ მათი მეცნიერული აღმოჩენა აფართოებს ადამიანის მოქმედების თავისუფლების მანამდე არსებულ შესაძლებლობებს. ეკონომიკური თვალსაზრისით პროგრესი დაკავშირებულია ინოვაციის ფენომენთან. ბაზარი ღიაა ინოვაციისათვის (სამეწარმეო ინოვაციები), რადგან მათი მეშვეობით ბაზრის მდგომარეობა უმჯობესდება (ინოვაციური პროცესები). მოთხოვნის კუთხით როგორც ერთი, ისე მეორე უზრუნველყოფის შესაძლებლობათა გაუმჯობესებას ნიშნავს.

ეკონომიკურ პროგრესსა და სოციალურ სამართლიანობას შორის არსებული კონფლიქტების წარმოშობის სათავე შესაძლებელია იყოს კონკურენციის არასწორი გაგება. სოციალური სამართლიანობის თვალსაზრისით მეცნიერული პროგრესის მიღწევების საფუძველზე მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირებული პოზიციები კორექტივას საჭიროებს. მაგრამ მეორე მხრივ, ასეთი კორექტივი შეასუსტებდა ან გააუქმებდა ყოველგვარი ინოვაციის სტიმულს. ამ შემთხვევაში საზოგადოება იმაზე ღარიბი იქნებოდა, ვიდრე უნდა ყოფილიყო. მეცნიერული პროგრესის შედეგების ამგვარ „სოციალიზებას” მხედველობიდან რჩება ის, რომ მისი მიღწევის პროცესს სწორედ კონკურენცია აღძრავს და აძლიერებს.

პროგრესის შედეგად გამოწვეული ცვლილებები რეორიენტაციისა და ახალ სიტუაციებთან შესაბამისობის მოთხოვნაა. ამგვარი შესაბამისობის დაყოვნება კი კონფლიქტებს წარმოშობს. ეკონომიკაში არსებობს კოლიზიის შესაძლებლობა: უსაფრთხოების მიზანთან მიმართებით და სოციალური სამართლიანობის მიზანთან დამოკიდებულებით, რადგან შესაბამისობის ტვირთი არათანაბრადაა გადანაწილებული და სრულიად არ არის გათვალისწინებული პროგრესის სასარგებლო შედეგების განაწილება [8, გვ.262].

ამ ასპექტით პროგრესი დაკავშირებულია მისი შეფასების პრობლემებთან. რაკი შესაბამისობა გარკვეულ სიძნელეებს გულისხმობს, აუცილებელია რაციონალური ზომების მიღება და დახმარების უზრუნველყოფა. ასეთი ღონისძიებები კი წინააღმდეგობებს ხვდება, რაც უპირველეს ყოვლისა, იმაში მდგომარეობს, რომ საამისოდ აუცილებელი პოლიტიკური ნების ქმნადობის პროცესები თვითმყოფადობით ხასიათდება. დახმარების უზრუნველყოფას ის საფრთხეც ახლავს, რომ ინდივიდს შეიძლება იგი მუდმივ მოთხოვნილებად ექცეს და არაფერი იღონოს თვითდახმარების უზრუნველსაყოფად.

სოციალური პოლიტიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხვა სფეროებს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. განსაკუთრებით ეს ეკონომიკური ზრდის პოლიტიკას, კონიუნქტურულ პოლიტიკასა და სოციალურ პოლიტიკას შორის დამოკიდებულებას ეხება. სახელმწიფოს ჩარევა ზრდისა და კონიუნქტურის პოლიტიკის ფარგლებში პირდაპირ თუ არაპირდაპირ საზოგადოების გარკვე-ულ ჯგუფებს უწყობს ხელს ან პირიქით. გარდა ამისა, ეკონომიკის მწარმოებლურობა და წარმატებული ფუნქციონირებისუნარიანობა სოციალური დაცვის სისტემის ფორმირების ფუძემდებლურ წანამძღვარს წარმოადგენს. მაშასადამე, სოციალური პოლიტიკის საზღვრებზე გადამწყვეტად ეკონომიკური ზრდა ზემოქმედებს, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეკონომიკური განვითარება სოციალური პოლიტიკის საზღვრებს აწესებს. ამ პროცესმა გვიჩვენა, რომ ეკონომიკური ზრდის შემცირებას და მაღალ უმუშევრობას ცალკეული სისტემის დაფინანსების პრობლემებამდე (მაგალითად, ჯანდაცვა, საპენსიო დაზღვევა) მივყავართ, რის შედეგადაც სოციალური დაცვის ქსელი იკვეცება. თუმცა, ხშირად გვავიწყდება, რომ მეორე მხრივ, ზრდის ძლიერი იმპულსები შეიძლება სოციალური და განაწილების პოლიტიკიდან მოდიოდეს. სოციალურ დაცვას ავადმყოფობის დროს, ადამიანკაპიტალის „რეგენერაციის“ ჩათვლით, უმუშევრობის დროს ან ხანდაზმულობის ასაკში შეუძლია მოტივირებულად იმოქმედოს. სახელმწიფო გადანაწილების პოლიტიკას სოციალური პოლიტიკის ფარგლებში საბოლოოდ რესურსების შეცვლილ ალოკაციამდე მივყავართ.

დემოკრატიის სამომავლო შესაძლებლობები საზოგადოებისათვის საყოველთაოდ მისაღები შემოსავლების განაწილებას ეფუძნება. თუ შრომის ბაზრიდან საზოგადოებრივი ჯგუფები ხანგრძლივი პერიოდით იქნებიან განდევნილი და ჩამოყალიბდება საზოგადოება, რომელიც დაყოფილია სამუშაოს მქონეთა და უმუშევართა „კლასებად“, მაშინ მის სტაბილურობას და უსაფრთხოებას სოციალური კონფლიქტები საფრთხეს შეუქმნის. ამით კავშირი პოლიტიკის სხვადასხვა სფეროებს შორის ნათელი ხდება. წარმატებული შრომის ბაზრის პოლიტიკა ამავე დროს არის სოციალური პოლიტიკა [12, გვ.301].

ი.  შუმპეტერის თვალსაზრისით, „დემოკრატიული პოლიტიკის გასაგებად ამოსავალ წერტილად უნდა მივიჩნიოთ ძალაუფლებისა და თანამდებობისათვის გაჩაღებული კონკურენცია. ამ შემთხვევაში ჩვენთვის ნათელი გახდება, რომ სოციალური ფუნქცია თანმხლები მოვლენაა, ისევე როგორც წარმოება, რომელიც სხვა არაფერია თუ არა მოგების მიღების თანმხლები მოვლენა“ [13, გვ.448].

დემოკრატია, როგორც თავისუფლებას, სამართლიანობასა და უსაფრთხოებას შორის კონფლიქტების მოგვარების მეთოდი, მეტად მნიშვნელოვანია. იგი საშუალებას იძლევა, ინტერესთა შორის კოლიზიები მოწესრიგდეს არა ძალადობის გამოყენებით, არამედ უმრავლესობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა საფუძველზე, თუმცა, ეს ყოველთვის როდი აკმაყოფილებს ყველა მონაწილეს. დემოკრატიული გადაწყვეტილება, როგორც კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ინსტრუმენტი, მხოლოდ მაშინაა სრულიად ზედმეტი, როცა რეალურად არსებული, კონფლიქტებით დატვირთული და მათი მოგვარების მსურველი საზოგადოება ადამიანთა უტოპიურ წარმოდგენებში, შეცვლილია თავისუფალი და უკონფლიქტო საზოგადოების მოდელით.

ლიტერატურა:

1. HAYEK, F.A. (2003), Rechtsordnung und Handelnsordnung, in: STREIT, M. E. (Hrsg.), Hayek Gesammelte Schri en Bd. A4, Rechtsordnung und Handelnsordnung, Tuebingen. S.217.

2. BENDA, E. (1984), Der soziale Rechtsstaat; in ders. u.a. (Hrsg.): Handbuch des Verfassungsrechts der Bundesrepublik Deutschland, Studienausgabe, Teil 1, Berlin, New York, S.477-553, 2. neubearb. Aufl. 1994. S.510.

3. HAYEK, F.A. (2004), Der Weg zur Knechtscha , in: STREIT, M. E. (Hrsg.), Hayek Gesammelte Schri en Bd. B1, Tuebingen.

4. HAMILTON, A., J. MADISON und J. JAY (1787-1788), The Federalist Papers, hrsg. v. C. ROSSITER, New York 1961. S.472.

5. HAYEK, F.A. (1976), Law, Legisla on and Liberty, Volume II - The Mirage of Social Jus ce, Chicago, London. Wiederabdruck in: VANBERG, V. (Hrsg.), Hayek Gesammelte Schri en Bd. B4, Recht, Gesetzgebung und Freiheit, Tuebingen 2003. S.87.

6. OLSON, M. (1965), The Logic of Collec ve Ac on - Public Goods and the Theory of Groups, 20. Aufl., Cambridge, Mass., 2002. S.103.

7. HAYEK, F.A. (1979), Law, Legisla on and Liberty, Volume III - The Poli cal Order of a Free People, Chicago, London, Wiederabdruck in: VANBERG, V. (Hrsg.), Hayek Gesammelte Schri en Bd. B4, Recht, Gesetzgebung und Freiheit, Tuebingen 2003. S.128.

8. STREIT, M. E. (2005), Theorie der Wirtscha spoli k, 6. Auflage, Stu gart. S.256; 257; 262.

9. DAHRENDORF,  R.  (1958),  Pfade  aus  Utopia  -  Zu  einer  Neuorien erung  der soiologischen Analyse; wiederabgedruckt in ders. (Hrsg.): Gesellscha    und Freiheit - Auf dem Weg zur Dienstklassengesellscha . Gesammelte Abhandlungen II, Muenchen 1972. S.42.

10. TUCHTFELDT, E. (1971a), Moral Suasion in der Wirtscha spoli k; in E. HOPPMANN (Hrsg.): Konzer erte Ak on - Kri sche Beitraege zu einem Experiment, Frankfurt am Main, S. 32.

11. ძირითად საზოგადოებრივ ფასეულობათა შორის არსებული წინააღმდეგობები გველესიანი რ., გოგორიშვილი ი., (2012), ძირითად საზოაგადოებრივ ღირებულებებთან ეკონომიკურ-პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესაბამისობა, თბილისი, გვ. 83.

12. გველესიანი რ., გოგორიშვილი ი., (2012). ეკონომიკური პოლიტიკა, წიგნი I, თბილისი, გვ.301.

13. SCHUMPETER, J. (1942), Kapitalismus, Sozialismus und Demokra e, 7. erw. Aufl., Tuebingen u. a., 1993. S.448.